კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლემ, ცოტნე ფურცელაძემ ესსეების კონკურსში "მე-ევროპელი“ I ადგილი დაიკავა!
- 02 აპრილი, 2017
თბილისის მერიის ინიციატივით გაიმართა ფორუმი "ევროკავშირი საქართველოსთვის". ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ესეების კონკურსი "მე-ევროპელი“, სადაც მონაწილეობდნენ IX, X, XI და XII კლასელები ვაკე-საბურთალოს 4 სკოლიდან. კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლემ, ცოტნე ფურცელაძემ კონკურსში I ადგილი დაიკავა.
კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ესსე, სადაც განხილული იქნებოდა კონკურსანტის დამოკიდებულება ევროპის მიმართ. კონკურსანტებს ასევე უნდა აეხსნათ, თუ რას ნიშნავს მათთვის ევროპელობა და ვიზალიბერალიზაცია და თუ რას ნიშნავს ევროპა საქართველოსთვის.
გთავაზობთ, კომაროვის მოსწავლის ცოტნე ფურცელაძის, გამარჯვებულ ესსეს. კომაროვის სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას და სრულიად საქართველოს ვიზელიბერალიზაციას.
მე - ევროპელი
ქართველი ადამიანი მუდამ მიისწრაფოდა ევროპისაკენ, რადგან თვლიდა, რომ თავისი კულტურული და ეთნიკური ღირებულებები ახლოს იყო ევროპულთან. ჩვენ, ქართველები, ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რაც დღეს გვაქვს. ჩვენ გვქვია დამოუკიდებელი ქვეყანა და უკვე აღებული გვაქვს გეზი ევროპისაკენ. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წარმოთქვა ზურაბ ჟვანიამ დაუვიწყარი სიტყვები: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. მას შემდეგ დაუოკებელი წყურვილივითაა ქართველი ერის სწრაფვა ევროპისაკენ. თუმცა, როგორც ყოველთვის, ქართველი ერის აზრი აქაც ორად იყოფა: მედალს ორი მხარე აქვსო, - ამბობს საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც ძირითად ღირებულებად საქართველოს ტრადიციები ითვლება. კი, ბატონო! არის ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება ტრადიციები, მაგრამ ევროპელობა როდი ნიშნავს ჩვენი ტრადიციების უარყოფასა და გარყვნილებას?! ტრადიციები ხომ შენია და შენვე შეგიძლია შეცვალო, გააუქმო, ან დატოვო? როგორ შეუძლია ევროპას, შეცვალოს შენი მენტალობა? ამას შენ თავად უნდა ეცადო, რომ შეხედო სხვას და იპოვო მასში კარგი, ამოარჩიო და შენი აზროვნების დასახვეწად გამოიყენო. იდეალური ხომ არავინაა და ცხადია, ვერავინ შემედავება, ჩვენ საუკეთესონი ვართო. ისევე, როგორც ყველა შვილს თავისი დედის თვისებები ქვეყნად საუკეთესო ჰგონია, ყველა ქვეყნის შვილს მიაჩნია, რომ თავისი ადათ-წესები და ტრადიციები საუკეთესოა და მერე რა? ნუთუ არ შეიძლება, ყველა ტრადიციას პატივი ვცეთ ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, არის ის თუ არა ჩვენი მშობელი? ვერავინ იტყვის, სხვისი ტრადიცია ჩემს ტრადიციებს შელახავსო. განა არ შეიძლება, იყო ევროკავშირის წევრი და შენს ტრადიციებს პატივი სცე? შეგახსენებთ, იტალია ევროკავშირის წევრია, მაგრამ მას სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, ერთსქესიანთა ქორწინება არ მიუღია. ცუდის გაკეთებას არავინ არავის აიძულებს. ევროპა სიახლეებისკენ სწრაფვა და შედარებით სწრაფი განვითარებაა. 21-ე საუკუნეში კი, დამეთანხმებით, აუცილებელია ინოვაცია და ცივილიზაცია. ჩვენ კი თითქოს გვეშინია სიახლეებისა. გვეშინია, რომ ახალი ცუდი აღმოჩნდება და ლეგენდარული იასავით მივტირით ძველს: „მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია“-ს ძახილით. გვეშინია, რომ მნიშვნელოვან ფასეულობებს დავკარგავთ, ჩვენი მენტალობა დაიკარგება და „დიდი დაძინების ხახაში“ (ჯ. ქარჩხაძე) გადაიჩეხება. გვეშინია, რომ მრავალფეროვნება ჩაგვყლაპავს. სინამდვილეში კი ბევრად მარტივად შეგვიძლია ჩვენი აზროვნების ევროპისთვის შეთავსება და მეტიც! შეთავსება კი არა, ჩვენი ქვეყნის წარსული პირდაპირ აჩვენებს ჩვენს სიახლოვეს ევროპასთან.
ჩვენი ქვეყანა ცნობილია მე-19 საუკუნის რომანტიკოსებით, რომლებიც დიახ, არიან ხიდი საქართველოსა და ევროპას შორის. რომანტიზმი ჩვენი ერთ-ერთი „ბილეთია“ ევროპაში შესასვლელად. გარდა ამისა ჩვენს მენტალობაში ასევე არის ის ღირებულებები, რომლებიც აგრეთვე მთავარია ევროპელობისთვის. ჩვენს მენტალობაში არის ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი, განსაკუთრებით რელიგიური და ეთნიკური ნიშნით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი ქართველობა მართლაც ნიშნავს, რომ ვარ ევროპელი.